ბაირონი და საქართველო

 

ჯორჯ გორდონ ბაირონი დაიბადა ინგლისში, ლონდონში, 1788 წელს, გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში.  ბაირონის ლექსების პირველი კრებული „მოცალეობის საათები“ 1807 წელს გამოვიდა. სატირაში „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 წელს  გამოაქვეყნა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი  ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ. ბ. შელის. 1817 წლიდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 წელს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში,  სადაც მალე ავად გახდა და 1824 წელს გარდაიცვალა.

 

ბაირონი ძალიან იყო დაინტერესებული უცხო ქვეყნების მონახულებით. „ჩვენ არ ვიქნებით მართალნი კაცობრიობის წინაშე, თუ არ მოვინახულეთ უცხო ქვეყნები. სწორედ ამ შთაბეჭდილებებით, და არა წიგნებით უნდა ვიმსჯელოდ მის შესახებ“ - წერდა ბაირონი დედამისს ერთ-ერთ წერილში.

ბაირონი, მართლაც ეწვია უცხო ქვეყნებს, მოინახულა კუნძული მალტა, პორტუგალია, ალბანეთი, ესპანეთი, თურქეთი, საბერძნეთი. შიძლება თამამად ითქვას, რომ განსაკუთრებულია ბაირონის დაინტერესება საქართველოსა და ქართველებით, სულ სხვა სულიერი სიახლოვე აკავშირებს ინგლისელ ლორდს საქართველოსთან, რომელსაც არასდროს სწვევია. საქართველოს თემამ გაიელვა მის ნაწარმოებებში: „სარდანაპოლი“, „დონ ჟუანი“, „გიაური“. ბაირონი იცნობდა ლიტერატურულ თუ ისტორიულ წყაროებს საქართველოს შესახებ, იცოდა საქართევლოს ბუნების სილამაზე, ქართველი ქალის გარეგნული მშვენიერება, ამიტომაცაა მიმობნეული სიტყვები საქართველო, კავკასია, ქართველი, კოლხი, მედეა, ბაირონის ფასდაუდებელ შემოქმედებაში. ქართველ ქალს მთელი თავისი მშვენიერებით ბაირონი თავის ნაწარმოებებში ყოველთვის მედეას უკავშირებს: „მშვენიერი მედეა“, „ჩემი მის მედეა“ - ასე მოიხსენიებს მას ხშირად პოეტი. მედეას სახე ბაირონთან არგონავტების, ოქროს საწმისისი, იასონისა და კოლხეთის გარემოცვაშია წარმოდგენილი. ერთხელაც, როცა იგი თავის უბედო ქორწინებას მოთქვამდა - მედეა ინატრა, მე უნდა მედეა შემხვედროდაო, სხვა არავინო, მედეა იყო ჩემთვის საჭირო, სხვასთან ყველასთან იგივე მელოდაო. ბაირონის შემოქმედებაში მედეას სახე გაიგივებულია ქართველი ქალის სახესთან, მის მშვენიერებასა და კდემემოსილებასთან. ეჭვგარეშეა აგრეთვე ის შთაბეჭდილებები, რომელიც ბაირონს მიღებული ჰქონდა ისტორიული წყაროებიდან საქართველოს შესახებ, რომელიც ევროპულ ლიტერატურაში უკვე მრავალგზის იყო აღწერილი.

           მარად ჭეშმარიტი შთაგონების წყაროა ბაირონისთვის კავკასიონი. შთამბეჭდავია სცენა, რომელიც კავკასიონის მთების ფონზე თამაშდება მისტერიაში „ცა და დედამიწა“. „სარდანაპოლში“ კი ქალის წამოწითლებულ სახეს პოეტი კავკასიონზე დაისის მზით ავარდისფერებულ ქათქათა თოვლს ადადრებს. „ღრუბლებით გარშემობლებული კავკასიონი, სადაც მარად არწივები ბუდობენ“, მისი გმირებისთვისაც საოცნებო მხარედ ქცეულა. ასურეთის უკანასკნელი მეფე სარდანაპალი ასე მიმართავს მიჯნურ ქალს:  „ნეტავ კავკასიონის მთებში პატარა ქოხში მაცხოვრა შენთან ერთად. მე იქ შვებით დავთმობდი გვირგვინს ყვავილების გვირგვინის ფასად.“

           კავკასიონისა და კავკასიის ცოდნა ბაირონისთვის მარტო საქართველოს ცოდნით არ განისაზღვრება. იგი არა ერთხელ მოიხსენიებს არარატის მთას, სომხეთსა თუ ჩერქეზეთს. მაგრამ თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ სულიერ სიახლოვეს, მაშინ კავკასიის ქვეყნებს შორის, და არა მარტო კავკასიისა, საქართველო განსაკუთრებულად წარმოჩინდება. ის, რაც ასე შთამბეჭდავად დააჩნდაბაირონის სულსა და შემოქმედებას, კერძოდ, პრომეთე და მედეა - მკვეთღად ატყვია ქართულ მითოსსა და ქართულ ხასიათს. ბაირონი აპირებდა საქართველოს მონახულებას, ლაპარაკობდა მასზე, როგორც „სილამაზის მშვენიერ მხარეზე“.

           ბაირონი არ იყო საქართველოში ნამყოფი, მაგრამ იგი კარგად იცნობდა მის ისტორიულ წარსულსა და ბუნებას, ის მიანიშნებს თავის ნაწარმოებში ამ მხარეზე და ქართველ მოსამსახურე გოგონაზე, როგორც მშვენიერების სიმბოლოზე... „დონ ჟუანის“ მე-4 ნაწილში აღწერილია ჰარამხანა, სადაც განსაკუთრებულად ყავს დახასიათებული ქართველი გოგონა მთელი თავისი მშვენიერებით.

           1825 წელს ლონდოში ანონიმურად დასტამბულ სამტომეულში: „ცხოვრება, თხზულებები, შეხედულებანი და დრონი მისი უგანათლებულესობის ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონის, ლორდ ბაირონისა“, რომლის ავტორია (როგორც წიგნის თავფურცელი მოწმობს), საბერძნეთის სამხედრო სამსახურში მყოფი ინგლისელი ჯენტლმენი, მეგობარი მისი უგანათლებულესობისა, ასახულია ის მასალა, რომელიც მოთავსებული იყო ლორდ ბაირონის მემუარებში და რომელიც გარდაცვალების შემდეგ უნდა გამოცემულიყო, მაგრამ განადგურდა.

მრავალ საინტერესო ეპიზოდთან ერთად, წიგნის მესამე ტომში სრულ ათ გვერდზე მოთავსებულია ამაღელვებელი ამბავი ბაირონის ქართველ ქალთან შეხვედრისა, რაც არასოდეს ყოფილა საქართველოსთვის ცნობილი.

1809-1810 წლებში, მცირე აზიაში მოგზაურობის დროს, ალექსანდრიაში, მონათა ბაზარზე ლორდ ბაირონი შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ჩამოყვანილი ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას. მისი ყურადღება მიუპყრია ერთ ძალზედ ლამაზ ქალიშვილს, რომელიც, ჩანდა, აგონიაში ჩაეგდო თავის ბედკრულ მდგომარეობას და ხმამაღლა მოსთქვამდა. ბაირონს უმალ გადაუწყვეტია ქალიშვილის გათავისუფლება და მონებით მოვაჭრეს ფასზე მოლაპარაკებია. მას გოგონა 800 პიასტრად უყიდია და დროებით ინგლისის კონსულის ოჯახში მოუთავსებია, თვითონ კი შედგომია გზების ძიებას, რომ ქალიშვილი სამშობლოში დაებრუნებინა. ბაირონს გაუგია, რომ თბილისს მიემგზავრებოდა ირლანდიელი სერ ჰენრი ფლეტჩერი, რომელიც მოგზაურობასთან ერთად აბრეშუმითა და შალით ვაჭრობით იყო დაინტერესებული. ლორდ ბაირონსაც მისთვის თხოვნით მიუმართავს და ამ სამსახურისთვის საკმაოთანხაც შეუთავაზებია. ფლეტჩერი ამ წინადადებას სიამოვნებით შეხვედრია, ფულიც წინასწარ მიუღია. ბაირონს მისთვის უთხოვია, რომ ქალიოშვილი მშობლებისათვის პირადად ჩაებარებინა, თუმცა ფლეტჩერს ქალიშვილი მშობლებისთვის არ ჩაუბარებია და ოსმალეთში წაუყვანია. ბაირონმა მიაგნო ფლეტჩერს, წაართვა გოგონა, რომელსაც ჯანმრთელობა საგრძნობლად ჰქონია შერყეული. ბაირონს გოგონასთვის პირობა მიუცია, რომ სამშობლოში აუცილებლად დააბრუნებდა და კონსტანტინოპოლში წაუყვანია. იქ ის შვედი ელჩის ოჯახისთვის მიუბარებია, სადაც განსაკუთრებით ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ გოგონა გარდაცვლილა.

ბაირონს მტკივნეულად განუცდია გოგონას სიკვდილი და გულწრფელადაც დაუტირია. ბაირობის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ და ზედ ამოუტვიფრავს ქალის სახელი და გვარი, მის თავზე დატრიალებული ამბავიც. როგორც ჩანს, ვინმე თრიზასადმი მიძღვნილი ციკლი ლექსებისა შთაგონებული უნდა იყოს იმ ქართველი გოგონას დაღუპვით. ქართველ ქალიშვილთან დაკავშირებულ მონათხრობს წიგნის ავტორი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „ამ პატარა ამბავს, თავად მარტო აღებულს შესწევს ძალა უკვდავყოს ლორდ ბაირონის ჰუმანურობა, სიფაქიზე და დიდსულოვნება“.

ბაირონის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოში. ბაირონი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით სულიერად უკავშირდებოდა საქართველოს, ქართველ მწერალთა შემოქმედებაში კი ნათლად იგრძნობა ამ დიდი პოეტური მუხტის მატარებელი პოეტის კვალი. ქართული ბაირონოლოგია საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ნიკო ბერძენიშვილი 1849 წელს აღნიშნავდა, თუ როგორი პოპულარული იყო ბაირონი ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებაში. ბაირონის ლექსების პირველ ქართულ თარგმანს ჩვენ ვპოულობთ ჯერ კიდევ ი. კერესელიძის ჟურნალ „ცისკარში“. პირველი ავტორი, რომელმაც პრესის საშუალებით გააცნო მკითხველ საზოგადოებას ბაირონის სახელი, იყო ილია ჭავჭავაძე. იგი 1859 წელს ბეჭდავს „ცისკარში“ ბაირონის ლექსს ებრაული მელოდიების ციკლიდან, სათაურით „ჰგოდებდეთ“. ეს ლექსი სტუდენტ ილიას ჯერ კიდევ წინა წელს ჰქონდა ნათარგმნი პეტერბურგში. ბაირონის პირველ მთარგმნელთა რიცხვს ეკუთვნის აკაკი წერეთელოიც. იგი 1865 წელს ჟურნალ „ცისკარშივე“ ბეჭდავს ლექსის „იეფთაის ასულის“ თარგმანს.

ილია ჭავჭავაძე შემდეგი სიტყვებით მოიხსენიებს ბაირონს: „ მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარ ბაირონს.“

გალაკტიონ ტაბიძე კი, „პოეტების მეფედ“ წოდებული, თავისმა თანამედროვეებმა „ქართველ ბაირონად“ მონათლეს.

წყარო: http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/inga_adamia.pdf


ილიას უბის წიგნაკი, 64-01-04   სადაც ნახსენებია ბაირონი:




No comments:

Post a Comment

 ბლოგი "საქართველო-ბრიტანეთი" შეიქმნა კონკურსში "ბრიტანეთი-საქართველო" მონაწილეობის მიზნით.  ბლოგის შექმნაზე იმუშავეს ხე...