ოლივერ უორდროპი და საქართველო

 



სერ ოლივერ უორდროპი

სერ ოლივერ უორდროპი ქართულ ჩოხაში


  

  ჯონ ოლივერ უორდროპი  იყო ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი, აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919–1921 წლებში.

    უორდროპმა საქართველოში პირველად 1887 წლის გაზაფხულზე იმოგზაურა და დაწერა წიგნი "საქართველოს სამეფო", ("The Kingdom of Georgia"). 22 წლის ტანმაღალი, ინგლისელი ჭაბუკი ოლივერ უორდროპი ტფილისშია… თითქმის სრულიად საქართველო მოიარა ფეხდაფეხ. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა  ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელთან. ოლივერი დამტვრეული ქართულით ელაპარაკება მოხევეებს, ხევსურებს, აჭარელებს, მეგრელებს, კახელებს, პურ-ღვინოს მიირთმევს და ქართული ჩოხაში გამოწყობილი ცდილობს მანერებითაც ქართველ კაცს მიჰბაძოს. 

    ოლივერი აღტაცებულია ილია ჭავჭავაძის პიროვნებით, მისი ღრმა ინტელექტით. ილიამ 1889 წელს თავის "ივერიაში" დაბეჭდა სტ. ჭრელაშვილის ვრცელი წერილი "მოგზაურობა უცხოელი კაცისა კავკასიაში", სადაც პარალელურად გადმოცემულია ოლივერ უორდროპის წიგნის "საქართველოს სამეფოს" შინაარსი. ოლივერის ამ წიგნს წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია მის უმცროს დაზე – მარჯორიზე, რომელიც შემდეგ დაწერს: "ჩემი ძმის მიერ დაწერილმა წიგნმა რამდენიმე წლის წინათ პირველად მიიზიდა ჩემი ცნობისმოყვარეობა და აღმიძრა გულში ინტერესი საქართველოს, იმის მხნე და მშვენიერი ერისა". 

     1892 წელს ოლივერი ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად ინიშნება და პეტერბურგში ჩამოდის, თან ჩამოჰყავს თავის და – მარჯორი. და-ძმამ სატახტო ქალაქში გაიცნეს პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი და მისი დახმარებით იღრმავებენ ქართული ენის ცოდნას. შეისწავლიან ძველ მწერლობას, ფილოსოფიურ წიგნებს. 1894 წელს "ივერია" წერს: "…საქართველოს ცნობილი მცოდნის, ოლივერ უორდროპის დაი, ქ-ნ ვარდროპი, თავის ძმასავით შეუდგა ქართული ენის შესწავლას, რათა ინგლისის საზოგადოებას გააცნოს საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, რომელსაც დასავლეთი ევროპა, მეტადრე ინგლისი, კარგად ვერ იცნობს. ეს ქალი ისე გულმოდგინედ ჰშრომობს და შედარებით მცირე ხნის განმავლობაში იმდენად შეითვისა ქართული ენა, რომელსაც ევროპელები ადვილად ვერ ჰსწავლობენ, – რომ უკვე გადათარგმნა ინგლისურს ენაზედ "ქართული სახალხო არაკები"…  ეს არაკები ამ მოკლე ხანში დაიბეჭდება ინგლისურს ენაზედ. ამავე ქალს გადათარგმნილი აქვს თითქმის ერთი მესამედი XII საუკუნის ქართველი უკვდავი პოეტის, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისა".

    ასეც მოხდა და 1894 წელს ლონდონში ერთმანეთის მიყოლებით გამოიცა "ქართული ხალხური ზღაპრები" და სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა". ოლივერ და მარჯორი უორდროპების თბილი ურთიერთობა საქართველოსთან წიწამურის გასროლის შემდეგაც გრძელდებოდა…

    ოლივერ უორდროპი 1906 წლიდან 1919 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე რუმინეთსა და ნორვეგიაში.

    1919 წლის ივლისში იგი კვლავ თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. ნოე ჟორდანიას მთავრობა მიესალმა მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე. უორდროპი თანაუგრძნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ცდილობდა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. იმ პერიოდის ევროპაში საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი სწორედ ოლივერ უორდროპი იყო.

               საქართველოში ჩამოსულ უორდროპს, 1919 წლის 30 აგვისტოს, ქართველი ხალხი შეხვდა როგორც მხსნელს. აი, რას წერს ამის თაობაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად ოლივერ უორდროპი:"ყველა ჩემი მოძრაობა გადაიღეს კინემატოგრაფებმა, მე ვიყავი ფოტოგრაფთა სამიზნე. რკინიგზის სადგურში ორკესტრმა დაუკრა ბრიტანეთისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ჩემს გზაზე, დაახლოებით 2 მილის მანძილზე დაკიდებული იყო დროშები, მოფენილი იყო აღმოსავლური ხალიჩები, გარშემო ჩამწკრივებული იყო ხალხი. შენობები ღამით გაანათეს. დღემ ჩაიარა, როგორც სახალხო დღესასწაულმა.ეს არაჩვეულებრივი დახვედრა ქართველებმა მომიწყვეს იმის გამო, რომ იციან თუ რას ვგრძნობ მათდამი უკვე ბოლო 32 წელიწადია. ჩემი დანიშვნა მათ მიიღეს ნიშნად იმისა, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ყველაზე მეგობრული გრძნობებით არის გამსჭვალული მათი ქვეყნისადმი და რომ საქართველოსთვის დაიწყო ახალი ერა".

               უორდროპი საქართველოდან კვირაში ორ-სამ რაპორტს გზავნიდა, სადაც დაჟინებით ითხოვდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებასა და მისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევას. უორდროპი, ფაქტობრივად, იქცა გამტარ მავთულად საქართველოსა და ბრიტანეთის ხელისუფლებებს შორის. ქართული მხარის ნებისმიერ წუხილს, თხოვნასა თუ საჩივარს მაშინვე უგზავნიდა საკუთარ მთავრობას სტატუსით "სასწრაფო" ან "ძალიან სასწრაფო". მისი წყალობით პირველად გაიგო ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ხმა.

უორდროპი ზრუნავდა საქართველოს ხელისუფლებისთვის ექსტრემისტულ- სოციალისტური იარლიყის მოშორებაზე, რაც ესოდენ საზიანოდ მოქმედებდა ქვეყანაზე. 1919 წლის ოქტომბერში უორდროპმა პირადად მისწერა საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონს და სთხოვა ეღიარებინა კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. კერზონმა ეს ნაბიჯი ნაჩქარევად მიიჩნია, რაც უკავშირდებოდა იმ მომენტისათვის რუსეთის მომავლის გადაუწყვეტელობას და აღიარების შემთხვევაში რესპუბლიკათა დაცვის აუცილებლობას, რასაც ბრიტანეთი მოკავშირეებთან შეუთანხმებლად ვერ მოახერხებდა. ქართველი ხალხის მეგობარი არც მინისტრის უარს შეუჩერებია და ამის შემდეგაც განაგრძობდა იმავე მიმართულებით მუშაობას, რამაც მის უშუალო ზემდგომს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსს, ჯორჯ კიდსტონს ათქმევინა შემდეგი: "უორდროპი გვბომბავს თავისი გრძელი რაპორტებით კავკასიის რესპუბლიკათა აღიარების მოთხოვნის თაობაზე". 1919 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩამოსული ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ძალების სარდალი, ადმირალი დე რობეკი იხსენებდა, რა სიამაყით უყვებოდა უორდროპი "თავის ქართველებზე", რამაც ადმირალს ამ ხალხზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა.

უორდროპმა ოთხთვიანი მუშაობის შედეგად არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარება, არამედ საქართველოს იმიჯი კარდინალურად შეცვალა. 1919 წლის დეკემბრისთვის საქართველოს ხელისუფლება იწოდებოდა გამოცდილად, ბათუმი - საქართველოს ისტორიულ ნაწილად, ქართველი ხალხი - ცივილიზებულად.

1920 წლის 10 იანვარს ლორდმა კერზონმა, პარიზში ანტანტის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, წამოჭრა და გაიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა დე ფაქტო აღიარების საკითხი.

უორდროპი გამარჯვებას ზეიმობდა. სწორედ მან ახარა პირველმა საქართველოს მთავრობას აღიარების ამბავი. თბილისში მოწყობილი ზეიმის თაობაზე მან შემდეგი მისწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს: "პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალხთა მასის წინაშე წარმოთქვეს პატრიოტული, ანტიბოლშევიკური და ძლიერი პრობრიტანული სიტყვები. მთელი დღის განმავლობაში ჩემ მიმართ გამოიხატა უზარმაზარი ემოცია და ხალხმა მხრებზე აყვანილმა მიმიყვანა ჩემს მანქანამდე. ქალაქი განათებული იყო და ოპერაში ბრიტანეთის მხარდამჭერი დემონსტრაცია მოეწყო, რომელსაც მოჰყვა ბანკეტი, სადაც წარმოითქვა უამრავი პრობრიტანული სიტყვა და გასტანა ღამის 11-დან დილის 4 საათამდე".

იმავე დღეს მან მეუღლეს მისწერა: "დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის, რასაც 33 წელიწადს ველოდი... შენ მე მელოდები, მაგრამ მე სულაც არ ვნანობ ამ 33-წლიან ლოდინს, რადგან რაც ასე გულით გინდა, მისთვის ყოველთვის ღირს დალოდება... ვერც კი ვააანალიზებ ამას, მე მოვიგე ეს ბრძოლა. ამ საქმისთვის ყველაზე მეტი მე გავაკეთე და აქ ეს ყველამ იცის. ძალიან მინდა, აქ რომ იყო, ჩემით იამაყებდი იმის დანახვაზე თუ როგორ აფასებს ყველა შენს ქმარს... ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ცუდად ვარ, მაგრამ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევარიგო კავკასიის ხალხები, როგორ შევაჩერო ბოლშევიკების სამხრეთისკენ წამოსვლა... ხომ ხედავ, შენც კი სულ ამ თემაზე გწერ, თავში სულ ეს მიტრიალებს".

ქართველი ხალხი მიხვდა ოლივერ უორდროპის ჭეშმარიტ დამსახურებას. ბრიტანელ კომისარს მადლიერება საქართველოში ყოფნის პერიოდში და განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ არ მოჰკლებია. 1920 წლის 10 იანვრის შემდგომ დღეებში მას ყველა კუთხიდან მოსდიოდა ქართულ ენაზე, უბრალო ქართველების მიერ დაწერილი სამადლობელი წერილები შემდეგი სათაურებით: "ძმაო ოლივერ!", "ბატონო ოლივერ", "მოგესალმებით არა როგორც ბრიტანელს, არამედ როგორც საქართველოს შვილს!" და სხვ.

თუმცა ბოლშევიკური საფრთხე ახლოვდებოდა. 1920 წლის თებერვალში, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ისარგებლა ლორდი კერზონის შვებულებაში ყოფნით და ბათუმიდან ჯარების ევაკუაცია გადაწყვეტა, რაც, ფაქტობრივად, მტერთან ქვეყნის პირისპირ შეტოვებას ნიშნავდა. ამ ფაქტის შეტყობისთანავე უმაღლესმა კომისარმა განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გადადგებოდა, თუ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა მის მოსაზრებებს, რაპორტებს. უორდროპი მიხვდა, რომ თუ ბრიტანული ჯარები საქართველოს დატოვებდნენ, ქვეყნის ბოლშევიკური ოკუპაცია გარდაუვალი გახდებოდა, რომელსაც თვითონ ვეღარ შეაჩერებდა და ამის თავიდან ასაცილებლად საკუთარი კარიერა რისკის ქვეშ დააყენა. ლორდმა კერზონმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოახერხა გადაწყვეტილების შეჩერება და კომისარს მისწერა წერილი, რომლითაც მას სრულ ნდობას უცხადებდა.

სამწუხაროდ, კლიმატურ პირობებთან შეუთავსებლობის გამო, ის მძიმედ დაავადდა პნევმონიით. ცოლს ყოველდღიურად სწერდა თავისი ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე. ქართველმა ექიმებმა მას სიმსივნური წანაზარდიც აღმოუჩინეს და ექიმმა მაჭავარიანმა ოპერაციაც გაუკეთა. იგი იძულებული გახდა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადადგომის თაობაზე განცხადებით მიემართა. სამინისტრო კარგა ხანს ყოყმანობდა, არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნას, რადგან მისი სათანადოდ შეცვლა არ იყო იოლი საქმე. ოლივერი ცოლს სწერდა, რომ 1920 წლის 30 მარტიდან 16 აპრილამდე სახლიდან ერთხელაც ვერ მოახერხა გასვლა, ლოგინს იყო მიჯაჭვული, საქმეს ვეღარ აკეთებდა და ამ უმოქმედობით უფრო მეტი ზიანი მოჰქონდა, ვიდრე სიკეთე. მას სურდა სამშობლოში დაბრუნება, მკურნალობა და გამოჯანმრთელების შემდეგ სამუშაოდ საფრანგეთში გადასვლა, რათა იქ, საერთაშორისო მოვლენათა ეპიცენტრში ეკეთებინა საქმე.

ამ დროისთვის მას უკვე მოპოვებული ჰქონდა საქართველოს აღიარება, ბრიტანული ჯარებიც რჩებოდნენ ბათუმში. 8-თვიანი დაუღალავი შრომის შედეგად მან შეუძლებელი შეძლო და ფაქტობრივად, მისიის დიდი ნაწილი შესრულებული ჰქონდა.

აპრილის ბოლოს ოლივერ უორდროპმა საბოლოოდ დატოვა საქართველო. მის გეგმას, უკვე საფრანგეთიდან გაეწია დახმარება საქართველოსთვის დამოუკიდებლობის გამყარებაში, აღსრულება არ ეწერა. მის გამოჯანმრთელებასა და სამსახურში დაბრუნებას მთელი წელიწადი დასჭირდა. ამ დროს კი საქართველო უკვე ოკუპირებული იყო...

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი.

უორდროპის ღვაწლი ჯეროვნად დაფასდა, 1922 წელს მეფემ ის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა და იწოდებოდა სერ ოლივერ უორდროპად.

1930 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალ "გეორგიკა"–ს. ქართველოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მისმა დამ,  რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ინგლისურად თარგმნა. ოლივერ უორდროპი აქტიურად თანამშრომლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ბრიტანეთის მუზეუმთან, იგი შეიძლება ჩაითვალოს ქართველოლოგიური მიმართულების დამფუძნებლად ამ მსოფლიო მნიშვნელობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 დიპლომატიური კარიერის ბოლო წლები სერ ოლივერმა სტრასბურგში გაატარა გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ამის შემდეგაც, ბრიტანეთში მოხვედრილი ნებისმიერი მისი ნაცნობი ქართველი, მისივე ხელშეწყობით საქმიანობდა. იგი, მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით, აძლიერებდა ქართველოლოგიურ მეცნიერებებს ბრიტანეთში.

 ოლივერ უორდროპი გარდაიცვალა 1948 წლის 19 ოქტომბერს  84 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, მის მშობლიურ სევენოუქსში მარჯორი უორდროპისა და მეუღლის გვერდით.

               იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი 1918 წლიდან და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების ნამდვილი წევრი 1916 წლიდან.


No comments:

Post a Comment

 ბლოგი "საქართველო-ბრიტანეთი" შეიქმნა კონკურსში "ბრიტანეთი-საქართველო" მონაწილეობის მიზნით.  ბლოგის შექმნაზე იმუშავეს ხე...