საქართველო - ბრიტანეთის ურთიერთობის ისტორია

 



ამიერკავკასიაში გერმანია-თურქეთის პოზიციების განმტკიცებით საქართველო, ნებსით თუ უნებლიედ, დიდი ბრიტანეთისათვის მტრულ ბანაკში აღმოჩნდა. უდავოა, რომ ინგლისის წაქეზებით განხორციელდა სომხეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც უნდოდა ინგლისის პოლიტიკაზე დაყდნობით ხელთ ეგდო საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი.
მუდროსისა და კომპიენის საზავო ხელშეკრულებებით გერმანია-თურქეთს უნდა დაეტოვებინა ამიერკავკასია, ამ პროცესებზე კონტროლი კი ბრიტანეთს უნდა განეხორციელებინა. ამიტომ მათი გასვლის პარალელურად ინგლისმა დაიწყო თავისი ჯარების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე.
1918წ. დეკემბერში, როცა ინგლისელები ემზადებოდნენ ამიერკავკასიის ოკუპაციისათვის, ინგლისის მთავრობამ სპეციალურად განიხილა ოკუპაციის ვადების საკითხი, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ინგლის-საფრანგეთის 1917წ. დეკემბრის ხელშეკრულება ინგლისს არ აძლევდა სანქციას ამ მხარის ოკუპაციისათვის, თუმცა ქმნიდა ობიექტურ პირობებს მისთვის. ინგლისის ჯარების შეყვანამ ამიერკავკასიაში მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით საფრანგეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ ინგლისის მთავრობა შეუდგა  ოკუპაციის        ვადების              განხილვას.
მთავრობაზე ზემოქმედებდნენ ნავთობის მონოპოლიის მესვეურები, რომლებიც მოითხოვდნენ ამიერკავკასიის ოკუპაციის გამოყენებას მხარის სრული ანექსიისათვის. ინგლისის მთავრობამ, გაითვალისწინა რა ქართველი მენშევიკების აზრიც, მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიაში ინგლისის ჯარების           განუსაზღვრელი               ვადით  შეყვანაზე.

1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთი პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყებისათვის ემზადებოდნენ. ინგლისზე აღებული ორიენტაცია ნიშნავდა ეკონომიკური განვითარების კაპიტალიზმის გზით წარმართვას, მაგრამ საინტერესოა, რას მოითხოვდა საპასუხოდ ინგლისი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი ო. უორდროპთან საუბარში 1919წ. 4 სექტემბერს ამბობდა: “საქართველოს მთავრობას შეგნებული აქვს, რომ ის უნდა ეყრდნობოდეს რომელიმე მტკიცე სახელმწიფოს ორგანიზმს და ამ შეგნებამ გვიკარნახა გარკვეული ორიენტაცია ინგლისზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარი დახმარება შეერთებული სამეფოს მხრივ ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ ამა თუ იმ მიმართულებით… საქართველო თხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს რას მოისურვებს ინგლისი ამის      სანაცვლოდ”.
საქართველოს მთავრობა ვერ გაერკვა საქართველოში ინგლისის პოლიტიკის უმთავრეს საკითხებში, ამიტომ ერთგვარი უნდობლობით ეკიდებოდა მის შემოსვლას რეგიონში. 1918 წლის 14 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი დეპეშით აცნობებდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ბათუმში დ. თოფურიძეს, რომ ნ. ჟორდანიას აზრით, შესაძლოა, ინგლისელებმა საქართველოში დენიკინის მოხალისეთა ჯარის შემოყვანა გადაწყვიტონ, რაც ჩვენთვის მიუღებელიაო… თუ ისინი ამას მართლაც გააკეთებენ, ჩვენი საქმე წაგებული იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს არ მოხდესო.
ინგლისელები პირველად გამოჩნდნენ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროებზე 1918 წლის 29 ნოემბერს. ამ დღეს კრეისერი “ლივერპული” და ორი ნაღმოსანი სოხუმში შევიდნენ, მეორე დღეს _ ფოთში, ხოლო 1 დეკემბერს _ ბათუმში. შემოსვლას სადაზვერვო ხასიათი ჰქონდა. მათ უნდა შეემოწმებინათ ნავსადგურებში არსებული მდგომარეობა და შეესწავლათ პირობები მათი სამხედრო ნაწილების განლაგებისათვის. 1918წ. 22 დეკემბერს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა ინგლისის 5 გემი 15-20 ათასკაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად, მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი და საგენერალ-გუბერნატოროს ჩაუყენეს გენ. კუკ-კოლისი. 25 დეკემბერს ინგლისელები თბილისში შემოვიდნენ.
ინგლისის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ ფრანგები დარწმუნდნენ, რომ ინგლისი, რომელსაც აქ თავისი განსაკუთრებული ინტერესები ჰქონდა, გაატარებდა ისეთ პოლიტიკას, რომ დაექვემდებარებინა მთელი ამიერკავკასია. მაშინ თბილისში ღიად დაიწყო ლაპარაკი საქართველოს “ეგვიპტიზაციის” შესახებ, რის შედეგადაც ამიერკავკასია არა მარტო რუსეთისათვის დაიკარგებოდა, არამედ საფრანგეთისთვისაც. ამიტომ საფრანგეთს უნდა ჰქონოდა ამიერკავკასიის მოწყობის მზა გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა აქ მისი ინტერესების დაცვას. ეს იყო საქართველოში საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაურის შარდინის გეგმა, რომლითაც ამიერკავკასია გადაიქცეოდა შვეიცარიის მსგავსი პატარა შტატების კავშირად, რომლის დედაქალაქი         იქნებოდა          თბილისი.
წითელი არმიის მიერ ფრანგების ოდესიდან და სევასტოპოლიდან გამოდევნამ 1919წ. აპრილში გაამწვავა დაპირისპირება ინგლისსა და საფრანგეთს შორის, რადგან ინგლისის ხელში აღმოჩნდა ყირიმი და უკრაინა, საფრანგეთის ავტორიტეტი მის მოკავშირეთა შორის დაეცა, ინგლისს კი ხელ-ფეხი გაეხსნა ამიერკავკასიაში თავისი                              მემკვიდრეც      შეერჩია.
1919 წელს საქართველოს მთავრობის ინგლისურ ორიენტაციაზე დამყარებული იმედები არ გამართლდა. ის ხომ ინგლისისაგან ფართო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას მოელოდა, რაც ვერ განხორციელდა. თუმცა ინგლისელები თითქოს ცნობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას _ ანტანტის ძალების სარდალი შავი ზღვის რაიონში ნ. ჟორდანიას მიმართავდა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურს, მაგრამ ეს სრულ ცნობას არ ნიშნავდა. ინგლისელები თავიანთი გეგმებით უფრო ახლოს იყვნენ სამხრეთ რუსეთში მოქმედ გენერლებთან, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან. დენიკინი საქართველოს ემუქრებოდა, ხოლო ინგლისელებს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ინგლისელთა იმპერიული პოლიტიკა საქართველოში. საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსი პოლკ. შარდინი 1919 წლის 25 თებერვლის შეტყობინებაში თავისი სამხედრო მინისტრისადმი აღნიშნავდა, რომ გენ. ფორესტიე-უოკერი ორჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ნ. ჟორდანიას. ამ შეხვედრების დროს ერთ-ერთი საკითხი იყო სოჭის რაიონში გენ. დენიკინის ჯარების შეტევის დაწყება, რაშიც ინგლისელები იყვნენ გარეული, ხოლო ფორესტიე-უოკერი ცდილობდა, თავი გაემართლებინა. გენერალმა მიუთითა, რომ პოლკ. უარტი გაიგზავნა სოჭში, მაგრამ მას იქ ჩასვლა დააგვიანდა. ამასობაში დაიწყო დენიკინის შეტევა, რაშიც ინგლისელი გენერალი ბრალს სდებდა საქართველოს მთავრობას და დასძენდა, რომ როგორც კი საშუალება მიეცემოდა, იგი გააგზავნიდა ინგლისის ჯარის ნაწილებს სოჭი-გაგრის რაიონში და ორ მოწინააღმდეგე ძალას შორის ჩააყენებდა, რაზედაც ნ. ჟორდანიამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს გაართულებდა ოკუპირებული ადგილებიდან დენიკინის განდევნას, რასაც მიზნად ისახავდა იმ რაიონში მოქმედი საქართველოს ჯარი. ინგლისელი გენერალი იძულებული     გახდა,  უარი     ეთქვა    თავის   წინადადებაზე.
ქართული პრესის მწვავე რეაქცია გამოიწვია ბათუმში მომხდარმა ინციდენტმა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ბათუმში პოლკ. გედევანოვმა ორჯერ სთხოვა მიღება ბათუმის სამხედრო გუბერნატორს, ინგლისელ გენ. კუკ-კოლისს, ამ უკანასკნელმა კი მოუცლელობის საბაბით არ მიიღო ის. ქართველებმა ეს ფაქტი შეურაცხყოფად მიიღეს. ამის გამო ე. გეგეჭკორმა გენ. ფორესტიე-უოკერს პროტესტის წერილი გაუგზავნა, რაც გასარკვევად გენ. კუკკოლისს გადაეგზავნა. ამ უკანასკნელმა კი მოითხოვა, საქართველოს მთავრობას ბოდიში მოეხადა ინგლისის სარდლობის წინაშე პრესის საშუალებით, რაც ქართველებმა არ დააკმაყოფილეს. შარდინი ასკვნის, რომ “ინგლისის პრესტიჟი შეირყა საქართველოში”.
მეტად საყურადღებოა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის მიერ ო. უორდროპისათვის გაგზავნილი 1920 წლის 6 იანვრით დათარიღებული ნოტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინგლისი არ დაეხმარა მას და ბევრ რამეში ავიწროებდა. ასე, ბათუმში ინგლისის სამხედრო ხელისუფლების წყალობით საქართველოს არ მიეცა საშუალება, გაემაგრებინა ბათუმის ოლქის საზღვარი მასზე თურქების შესაძლო თავდასხმისათვის. ამას გარდა, _ აღნიშნული იყო ნოტაში, _ საქართველოს დამოუკიდებლობის არცნობა სახელმწიფო წყობილების განმტკიცებისათვის მუშაობას აფერხებდა. ინგლისმა არ გამოავლინა აუცილებელი ძალისხმევა ფაქტიური ბლოკადის მოხსნისათვის, რომლისგანაც               ძლიერ ზარალდებოდა             საქართველო.
შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებდა, რომ საქართველო აშკარა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა კავკასიის საზღვრებთან წითელი არმიის გამოჩენის გამო. ჩრდილოეთიდან ბოლშევიკების და სამხრეთიდან თურქების მოსალოდნელი შემოტევებისაგან თავდაცვის მიზნით, ე. გეგეჭკორი მთავრობის სახელით ბრიტანეთის               მხარდაჭერას   მოითხოვდა      შემდეგ საკითხებში:
“1. ინგლისის მიერ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივი ცნობა.
2. საქართველოსათვის ბათუმის ოლქის დაბრუნება რესპუბლიკის საზღვრების გამაგრების მიზნით.
3. ფართო დახმარების აღმოჩენა იარაღით, სურსათით, ვალუტით”, _ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ინგლისური ორიენტაციის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგებოდა. თუ 1919 წელს საქართველომ ინგლისის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი დაკარგა, რის გამოც ინგლისმა ხელი აიღო საქართველოში მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების განხორციელებაზე, ვითარება შეიცვალა 1920 წლის დასაწყისისათვის. ინგლისმა დიდი მარცხი განიცადა “რუსეთის საკითხში”. მისი იმედები, ინტერვენციისა და “თეთრი ძალების” მხარდაჭერით დაემარცხებინა ბოლშევიზმი, ვერ გამართლდა. მან ვერ შესძლო რუსეთში თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გეგმების რეალიზაცია. რჩებოდა ერთადერთი შესაძლებლობა _ ორიენტაცია აეღო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, კერძოდ ამიერკავკასიისა, რომლებიც, თავის მხრივ, მოკავშირეთა დახმარების მოლოდინში იყვნენ.
ინგლისმა ახალ ვითარებაში ამიერკავკასიაში თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა 1920 წლის 12 იანვრის სპეციალურ მემორანდუმში, რომელიც პარიზის კონფერენციას წარედგინა და რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა:
“1. მოკავშირეთა მიერ საქართველოს მენშევიკური მთავრობის და აზერბაიჯანის მუსავატური მთავრობის დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ აღიარება.
2. ყველა იმ მარაგის გადაგზავნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელზე, რომელიც დენიკინისათვის იყო გამიზნული და გზაში იმყოფება.
3. საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა ფინანსების, საბრძოლო საჭურვლის, განსაკუთრებით ვაზნების, ფეხსაცმლის, სურსათის, განსაკუთრებით პურის მიწოდების საქმეში. სათანადო დახმარება ბათუმისა და ბაქოს დაცვის საქმეში, ბოლშევიკების დაუშვებლობა კასპიის               ზღვაზე               ფლოტთან”.
პრემიერ-მინისტრთა საბჭოზე, სადაც ინგლისის პროექტსა და ექსპერტის დასკვნას იხილავდნენ, წარმოიშვა აშკარა სამხედრო ინტერვენციის ხელახლა ორგანიზების საკითხი, რომელსაც დაუპირისპირდა ლოიდ ჯორჯი, რომელმაც წამოაყენა წინადადება ამიერკავკასიისადმი იარაღით, ფულითა და სურსათით დახმარების შესახებ, ხოლო მარშალი ფოში კი მოითხოვდა იქ ევროპის ჯარების გაგზავნას, ე. ი. აშკარა სამხედრო               ინტერვენციას.
საბჭომ გადაწყვიტა, ეცნოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობა “დე-ფაქტოდ” და ამავე დროს გაეგზავნათ მათთვის იარაღი, სურსათი და საჭურველი. ეს დიდმნიშვნელოვანი აქტი ქართველმა                ხალხმა               ზეიმით               აღნიშნა.
საქართველოს მთავრობის საგარეო-პოლიტიკური კურსი მოსკოვის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. 1920 წლის 31 იანვრის ნოტით რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის საგარეო საქმეთა სამხედრო კომისარი გ. ჩიჩერინი გარკვევით ითხოვდა აღებული კურსის რადიკალურ შეცვლას. ცხადი იყო, რომ ინგლისზე დამყარებული იმედების გაცრუებით საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მიმართულების კრახის შემთხვევაში საქართველოს ბოლშევიკური აგრესიის რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, მიეცემოდა თუ არა ინგლისის პოლიტიკაში პრიორიტეტი საქართველოზე ორიენტაციას, თუ დიდი ბრიტანეთი, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებას დაიწყებდა მოსკოვთან.
1920 წლის იანვარ-აპრილში დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებიც ცდილობდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკების ერთიან ბლოკად გაერთიანებას მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა მიზეზით გაძნელდა. ინგლისის მთავრობის წარმომადგენლებმა დაიწყეს ამიერკავკასიის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების კონკრეტული გეგმის შემუშავება, მაგრამ ლონდონმა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაგან თავი შეიკავა.
მოკავშირეთა ლონდონის I კონფერენციაზე (1920წ. 12 თებერვალი _ 10 აპრილი) ამიერკავკასიის რესპუბლიკების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 24 თებერვლის მემორანდუმში მხოლოდ ზოგადად იყო მითითებული, რომ მოკავშირეები გაუწევდნენ დახმარებას ე.წ. “განაპირა” რესპუბლიკებს, თუ მათ ბოლშევიკები შეესეოდნენ. ლონდონის კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ მიუხედავად საქართველოს საკითხის დროებითი გაცოცხლებისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა            ამ           პრობლემას      მეორეხარისხოვნად     მიიჩნევდა.
ამავე კონფერენციაზე შემუშავებული იქნა ბათუმის საკითხის მოგვარების ასეთი გეგმა: ბათუმი ცხადდებოდა თავისუფალ სანავსადგურო ქალაქად მიმდებარე მცირე ტერიტორიული ზონით ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ. მოკავშირეებს იქ უნდა გაეგზავნათ თითო ბატალიონი ქალაქის გარნიზონის გასაძლიერებლად.
1920 წლის აპრილი ბათუმის საკითხში ინგლის-საქართველოს ურთიერთობების გამწვავებით აღინიშნა, რადგანაც მარტის დასაწყისში, ინგლისის მთავრობის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ბათუმის ოლქის დაკარგვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ინგლისელ მთავარსარდალთან შეუთანხმებლად შეიყვანა სამხედრო ნაწილები ბრიტანეთის საოკუპაციო ზონაში, რითაც შელახა ინგლისის პრესტიჟი. ეს იყო ნაჩქარევი და მოუფიქრებელი ნაბიჯი. ასევე საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად დაგმო ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილება ბათუმის სტატუსთან დაკავშირებით, მოითხოვა მისი საქართველოსათვის დაბრუნება და თანხმობა განაცხადა, ქ. ბათუმი ინგლისელების სამხედრო ბაზად გადაექცია. ეს მოქმედებაც ინგლისის ინტერესების საწინააღმდეგო              იყო       და          სერიოზულ       შეცდომას          წარმოადგენდა.
მოკავშირეთა სან რემოს კონფერენციის 1920 წლის 18-23 აპრილის სხდომებზე დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთისა და იტალიის სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მათ თავი შეიკავეს ბათუმში თითო ბატალიონის გაგზავნაზე იმ მოტივით, რომ ეს რუსეთთან ომის ტოლფასი იქნებოდა, რითაც ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილება უგულებელყვეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბრიტანეთს მოკავშირეთა იმედი არ უნდა ჰქონოდა. ის ამიერკავკასიაში მარტო აღმოჩნდა.
ამავე დროს მოვლენები ელვისებურად განვითარდა. ბოლშევიკები ზღვიდან დაემუქრნენ ბათუმს. 27 აპრილს მოსკოვმა აზერბაიჯანის ანექსია მოახდინა. 7 მაისს საქართველოს მთავრობამ, ინგლისელების ზურგს უკან, ბოლშევიკურ რუსეთთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმა, რაც ასე თუ ისე საქართველოში ბრიტანეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყო, რითაც “რუსეთის საკითხში” ბრიტანეთის პოლიტიკა, რაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების ორიენტაციაზე იყო გათვლილი, მარცხისათვის აღმოჩნდა განწირული. ლონდონში თანდათან გაძლიერდა ის ფრთა, რომელიც ლენინის მთავრობასთან ურთიერთობის დამყარებას მოითხოვდა. მაისის ბოლოს რუსეთის ბოლშევიკური დელეგაცია ლონდონში ჩავიდა, რაც ბოლშევიკების უდავო წარმატება იყო. ამის შემდეგ ავტომატურად დადგა ბათუმიდან ინგლისის ჯარების გაყვანის საკითხი, მაგრამ გასარკვევი იყო ბათუმის ოლქის მომავალი ბედი. ბათუმში მოქმედებდა რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც ცდილობდნენ ინგლისელების წასვლის შემდეგ ხელისუფლების ჩაგდებას, მაგრამ მისი გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა ბათუმის საქართველოსათვის გადაცემა იყო. თურქებსა და ბოლშევიკებს ინგლისი ოლქს არ დაუთმობდა, ხოლო საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული და სხვა უფლებები ბათუმზე ეჭვს არ იწვევდა, ამასთანავე, 1920 წლის აპრილის არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს უჭერდა მხარს(21).
10 ივნისს ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, მოეხსნათ ბათუმის ოკუპაცია და მთელი ოლქი გადაეცათ საქართველოსათვის. 28 ივნისის შეთანხმებით ინგლისის მთავრობის მიერ ოლქის, პორტის და ქ. ბათუმის საქართველოს მთავრობისათვის გადაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების _ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტში და პორტიდან საქართველოს რკინიგზებით და ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა.
20 ივნისიდან დაიწყო ინგლისის ჯარების ევაკუაცია ბათუმიდან. ინგლისის საოკუპაციო ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებები გაატარა, რათა ბათუმის ოლქში საქართველოს სამხედრო ნაწილების შესვლა შეემზადებინა. 1 ივლისს საქართველოს სამხედრო ნაწილებმა გენ. გ. კვინიტაძის მეთაურობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ნატანებ-ქობულეთის რკინიგზის ხაზი, ქობულეთი, კინტრიშის ხიდი და 3 ივლისს ბარცხანაში შევიდნენ. 7 ივლისს, 12 საათზე საქართველოს ჯარები შევიდნენ ქ. ბათუმში. საღამოს 6 საათზე გაიმართა ინგლისის წარმომადგენლების მიერ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსათვის გადაცემის     საზეიმო               ცერემონიალი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქ. ბათუმსა და ბათუმის ოლქში სამხედრო წესები გამოცხადდა. ოლქის განსაკუთრებულ კომისრად დაინიშნა ჩხიკვიშვილი. ივლისის შუა რიცხვებში ბრიტანული ნაწილების ევაკუაცია დასრულდა.
ინგლისი თავის მოკავშირეებს შორის ეძებდა ისეთს, ვისაც შეეძლო ეს მხარე დაეკავებინა და 1919 წლის მარტ-აპრილში არჩევანი იტალიაზე შეაჩერა. დაიწყო ფარული მოლაპარაკებები მასთან). ამ პერიოდს დაემთხვა საფრანგეთის მარცხი უკრაინაში. ფრანგების გაქცევამ ოდესიდან და სევასტოპოლიდან მათ წაართვა შანსი, შეჭრილიყვნენ ამიერკავკასიაში. ამასთანავე, ინგლისელებმა ფაქტობრივად გამოდევნეს საფრანგეთი უკრაინიდან და ის თავისი გავლენის ქვეშ მოაქციეს. ინგლისის მთავრობაში დაიწყო გავლენის სფეროების გადანაწილების პროექტის მზადება. ამიერკავკასიაში ინგლისის მემკვიდრე გახდა იტალია.

საქართველო ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული. საქართველოს მთავრობამ დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული ცნობისა და ერთა ლიგაში მისი გაწევრიანების საკითხი. ამ მიზანს ემსახურებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის ვიზიტი ინგლისში 1920წ. სექტემბერში. ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანება ინგლისის მიერ საქართველოს `დე-იურედ ცნობისა და მისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენის ტოლფასი იყო, მაგრამ, თავის მხრივ, ერთა ლიგის მეშვეობით, მასში საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, ბრიტანეთს ეკისრებოდა ის ვალდებულება, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა, რის გამოც ლონდონმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს მიღებას ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ინგლისმა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი შემდეგნაირად გამოხატა: “საქართველოს ბედისადმი ინგლისი არაა გულგრილი და მომხრეა მისი დამოუკიდებლობისა, მაგრამ მთელ მსოფლიოში იმდენი საზრუნავი აქვს, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა პრაქტიკული დახმარების გაწევას შესძლებს. ამიტომ საქართველო საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს”.
წყარო: https://matiane.wordpress.com/2010/02/15/independent-georgia-and-english-french-ships/

No comments:

Post a Comment

 ბლოგი "საქართველო-ბრიტანეთი" შეიქმნა კონკურსში "ბრიტანეთი-საქართველო" მონაწილეობის მიზნით.  ბლოგის შექმნაზე იმუშავეს ხე...